14-15 მაისს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

დანიის სამეფოს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი.

საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საქართველოში იმყოფებიან დანიელი პარლამენტარები დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან და, აგრეთვე, დანიური ბიზნესის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრისა და პარლამენტარების შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

აღნიშნული ვიზიტით დანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსული მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის შედეგების ადგილზე გასაცნობად, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტარების ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის განცხადება:

„საქართველოში დანიის სამეფოს საელჩოს გახსნა არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერის დასტური. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ჩართულობას მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მეშვეობით, რასაც ემსახურება ჩვენი ახალი „მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამა“ საქართველოში, რომლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 27 მილიონ ლარს.“

ბიზნეს დელეგაციაში წარმოდგენილია ენერგეტიკისა და წყლის სექტორში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე კომპანიები. ბიზნეს პროგრამა მოიცავს სესიებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს რასმუსენი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და სხვადასხვა ქართული კომპანია ენერგეტიკისა და წყლის სექტორებიდან.

საგარეო საქმეთა მინისტრის ლარს ლოკე რასმუსენის განცხადება:

„საქართველომ დასახა ამბიციური გეგმა, განახორციელოს მწვანე ტრანსფორმაცია. დანია, როგორც მსოფლიო ლიდერი მწვანე ენერგიისა და წყლის მართვის მიმართულებით, მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან გზაზე. დანიური და ქართული ბიზნესისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეკრებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სრულად მოხდება საქართველოს პოტენციალის ათვისება.“

საქართველოში დანიის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მრავალი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, დემოკრატიისა და ადამიანის
უფლებების, მდგრადი განვითარების, განახლებად ენერგიაზე გადასვლისა და სოციალური დიალოგის სფეროებში. მიმდინარე ბიუჯეტი წელიწადში 15 მილიონი ლარია, მომდევნო წლებში ზრდის პერსპექტივით. დანიის „მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამა“, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 4 წლის მანძილზე (2023-2026) შეადგენს 27 მილიონ ლარს, მხარს უჭერს საქართველოს მდგრადობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას. გარდა ამისა, დანიის „ახალი დემოკრატიის ფონდი“ მხარს უჭერს დანიურ და ქართულ სამოქალაქო საზოგადოებებს შორის თანამშრომლობას.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი რასმუსენი, ასევე, შეხვდება დანიის ახალგაზრდობის საბჭოსა და ქართულ ახალგაზრდულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.georgien.um.dk

საკონტაქტო ინფორმაცია:
დეა გეგეჭკორი - პოლიტიკის ოფიცერი

Tel:+995555685851
E-mail: [email protected]